(+995 32) 2 202-215

Print

ნიკა ნანუაშვილი - შრომის კოდექსი არ არის ფილოსოფია, ის მათემატიკაა და მისი შესაძლო შედეგები უნდა დავითვალოთ

შრომის კოდექსი არ არის ფილოსოფია, ის მათემატიკაა და მისი შესაძლო შედეგები უნდა დავითვალოთ, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის იურისტმა, ნიკა ნანუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უკვე ორი თვეა, ბიზნესი, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ექსპერტული წრეების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მიუხედავად ბიზნესის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არაერთხელ გაგზავნილი რეკომენდაციებისა, ამ შენიშვნების უმეტესი ნაწილი დღემდე არ ასახულა სადავო კანონპროექტის არსებულ რედაქციაში, რომლის განხილვასაც ინიციატორთა ჯგუფი მომავალი კვირიდან იწყებს.

ბიზნესისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის მთავარ რეკომენდაციად რეგულაციების კერძო სექტორსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასების გაკეთება რჩება, რასაც კანონპროექტის ავტორები ჯერჯერობით არ იზიარებენ. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ინიციატორები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ასახელებენ. ნანუაშვილის მოსაზრებით, ევროდირექტივები დოგმა თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც არ არის და გათვლებს ექვემდებარება.

„ჩვენს ერთიან პოზიციაში ყველაზე პრინციპული არის ამ რეგულაციის ზეგავლენის შეფასება, ამის გარდაუვალობა ჩვენ თუ გვინდა, მართალა კარგი გავაკეთოთ და მივაღწიოთ დასახულ მიზანს. სხვანაირად არათუ შედეგს ვერ მივაღწევთ, რამდენიც უნდა ვიკამათოთ, საერთო აზრამდე ვერ მივალთ, რადგან შრომის კოდექსი არ არის ფილოსოფია, ეს არის მათემატიკა და უნდა დავითვალოთ ეს შედეგი და ამ შედეგამდე მისასვლელი გზები. ჩვენ თუ უარს ვიტყვით რეგულაციის ზეგავლენის შეფასების გაკეთებაზე, დირექტივების დეტალურ ანალიზზე და იმ გამონაკლისების შესაძლებლობებზე, რასაც ეს დირექტივები იძლევა, მაშინ როცა ამ გამონაკლისებით ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები სარგებლობენ და უბრალოდ ვიტყვით, რომ გვინდა კარგად ვიყოთ, ვერასოდეს ვერ ვიქნებით კარგად. როცა თავის დროზე ევროკავშირში ამ დირექტივებს იღებდნენ, ევროკავშირში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 30 ათასი აშშ დოლარი. ჩვენ დღეს გვაქვს ერთ სულზე 4 200 აშშ დოლარი – ესაა პრობლემა. ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკა, ვიზრდებით, მაგრამ არა სასურველი ტემპებით. ჩვენ კიდევ უფრო უნდა მოვუმატოთ ამ ტემპს, სხვა შემთხვევაში დასახულ შედეგს ვერასოდეს მივაღწევთ“, – განუცხადა ნიკა ნანუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

ლინკი