(+995 32) 2 202-215

Print

"არ ვეთანხმები, რომ ბიზნესომბუდსმენი კერძო სექტორის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო" - ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე დამტკიცებული ოთარ დანელიას კანდიდატურას დადებითად აფასებს. ის ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენს ორი რამ მოეთხოვება და ორივე კრიტერიუმს დანელია აკმაყოფილებს. ოთარ დანელია გასულ წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის, მოგვიანებით კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

"ბიზნესომბუდსმენი უნდა იყოს ხიდი პრემიერთან ურთიერთობის. ამ აპარატის მიზანი არის, რომ პირველ დონეზე ავიდეს საკითხები, თუ ისინი ქვედა დონეზე იჭედება და პასუხს ვერ ვიღებთ. ამიტომ ვემხრობი მოდელს, როდესაც პრემიერ-მინისტრი თავად წარადგენს ბიზნესომბუდსმენს. ბატონი ოთარი დანელია ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს - ერთი მხრივ, ის პრემიერის გუნდს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის ნდობა იქონიოს; მეორე მხრივ, ურთიერთობის ის გამოცდილება, რომელიც მასთან ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროში ქონების და წიაღის მიმართულებით ჩამოგვიყალიბდა, მაძლევს იმის ფიქრის საბაბს, რომ მასთან ეს ურთიერთობა ახალ პოზიციაზე ნაყოფიერად გაგრძელდება“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ის არ იზიარებდა ბიზნესის მოსაზრებას, რომ ბიზნესომბუდსმენი კერძო სექტორის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

„თუ ჩვენ გვინდოდა ისეთი ბიზნესომბუდსმენი, რომელიც მხოლოდ ბიზნესის აზრს დააფიქსირებდა, კი ბატონო წარგვედგინა კერძო სექტორიდან კანდიდატურა, მაგრამ თუ გვინდა ბიზნესომბუდსმენი, რომელიც დაგვეხმარება პრობლემების მოგვარებაში, მაშინ ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენი არის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ის უნდა იყოს ხიდი პრემიერთან ურთიერთობის. თუ კერძო სექტორი წარადგენდა ბიზნესომბუდსმენს, ის ხიდი ვეღარ გახდებოდა, ის იქნებოდა პრობლემების შემგროვებელი ინსტიტუცია, რომელიც მათ მხოლოდ აფიქსირებს“, - აღნიშნა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.