აქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფრანგ პარტნიორებს საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების, MEDEF International-ის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელთან ერთად, ფრანგ პარტნიორებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ზოგადად ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ 20 კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, როგორიცაა საბანკო საქმიანობა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ენერგია, კონსულტირება და სოფლის მეურნეობა.
„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად სტუმრობენ საქართველოს და ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევათ. ჩვენ შევეცადეთ გაგვეცნო ფრანგი კოლეგებისთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ზოგადად ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წევრი კომპანიებისა და უცხოელი პარტნიორების ურთიერთობა გაღრმავდება და პროდუქტიული იქნება, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ქვეყნისთვის“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
ცნობისათვის, MEDEF International არა-კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციას და კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. იგი ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას და ნოუ-ჰაუს დანერგვას.
ბმული