„BAG ინდექსი ქვეყნის ეკონომიკის მაჯისცემას ასახავს“ - ბიზნესკლიმატი III კვარტალში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, ყოველკვარტალურად წარმოებული BAG ინდექსის III კვარტლის ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსს 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს და III კვარტლის შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში აპირებს, თუმცა სოსო ფხაკაძემ კვლევის მთავარ აქცენტებზე ისაუბრა.
BAG-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ BAG ინდექსი ქვეყნის ეკონომიკის მაჯისცემას ყველაზე კარგად ასახავს, რამეთუ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე დიდი ბიზნესგაერთიანებაა საქართველოში, რომელიც ეკონომიკის ყველა სექტორში მოქმედ კომპანიებს მოიცავს.
„ჩვენ 2019 წლიდან BAG ინდექსის წარმოება დავიწყეთ. ეს არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ქ. მიუნხენში მდებარე ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტისა (ifo) და ქართული კვლევითი ორგანიზაციის, PMC კვლევის ერთობლივი პროდუქტი. ყოველ კვარტალში ვაქვეყნებთ BAG ინდექსს, რომელიც 3 (სამი) მთავარ ინდიკატორს მოიცავს. ესენია, ბიზნეს კლიმატი, დასაქმების ბარომეტრი და საინვესტიციო კლიმატი. უნდა ითქვას, რომ BAG ინდექსი ალბათ ყველაზე კარგად ასახავს მიმდინარე ვითარებას და განწყობებს ბიზნესში, რამეთუ BAG ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, ის მოიცავს ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორს და, ასევე, ამ კვლევაში მონაწილეობას იღებენ კომპანიების პირველი პირები ან კომპანიების სხვა ხელმძღვანელი პირები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა ხასიათის ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება და მათ შესაბამისად ბიზნესისა და ეკონომიკის პულსზე უდევთ ხელი.
მესამე კვარტლის შედეგებით, BAG ინდექსის ბიზნეს კლიმატის ინდიკატორი ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა : ეს არის 43.2 ქულაა. 2019 წლის მეოთხე კვარტალში, როდესაც BAG ინდექსის წარმოება დაიწყო, ეს პარამეტრი 41 ქულას შეადგენდა. ეს არის ინდიკატორი, რომელიც აფასებს ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას და ბიზნესის მოლოდინებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოკითული კომპანიების 63% წლის დარჩენილ პერიოდში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს. კვლევის შედეგების დანარჩენ ნაწილს მალე გავაცნობთ საზოგადოებას“, - განმარტა სოსო ფხაკაძემ.