საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს
27 თებ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამსაქმებელთა ვალდებულებებზე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურსა და ტერიტორიულ რეზერვში მსახურებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამსაქმებლების ვალდებულებებს უკავშირდება, ხოლო, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნეს პროცესების პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული გამოწვევები შეეფასებინათ. ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და ბიზნეს შორის კომუნიკაცია კვლავაც აქტიურად გაგრძელდება, რამაც დამსაქმებლის ვალდებულებებზე ცნობადობას უნდა შეუწყოს ხელი.
„წვევამდელთა ეროვნული სამსახური და ტერიტორიული რეზერვის პირობები, ის ორი საკითხია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ზოგადად დამსაქმებელთან. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ახალ რეგულაციებზე და დასაქმებისას ყველა პროცედურა კანონის დაცვით განახორციელონ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ორმხრივად საინტერესო გამოდგა, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნესის პრიზმიდან დაენახათ ახალი კოდექსის აღსრულების კონკრეტული მექანიზმები და გამოწვევები. მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ამ შეხვედრამ მეტი სიცხადე შემოიტანე იმ პროცესში, რომელიც ბიზნესმა უნდა განახორციელოს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.