შეხვედრა საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსთან
11 დეკ '15
10 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საფინანსო კომიტეტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსთან, ბატონ ოთარ ძიძიკაშვილთან და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ბატონ ნიკოლოზ გაგუასთან. შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის უფროსი, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ბატონი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
შეხვედრაზე საპენსიო რეფორმის უფროსმა წარმოადგინა საპენსიო სფეროში დაგეგმილი რეფორმის დეტალური პრეზენტაცია, სადაც ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მოესმინათ თუ როდის იგეგმება რეფორმის განხორციელება, რა გამოწვევების წინაშე დგას არსებული რეფორმა და რა ეკონომიკურ შედეგს მოუტანს ის ქვეყანას. ასევე ასოციაციის წევრ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, რომ საპენსიო რეფორმის სამსახურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისთვის დაესვათ ყველა ის საინტერესო შეკითხვა, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის დაწყების გარეშე შეუძლებელი იქნება კაპიტალის ბაზრების განვითარება, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ვახტანგ ბუცხრიკიძემ კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თემაზე განხილვები დაიწყო. „ჩვენ ამ თემის უნდა ვისაუბროთ გრძელვადიან პერსპექტივაში - 10 და 20 წლის შემდეგ რამდენად სწორი ეფექტის მომტანი იქნება, ასევე რა უფრო მომგებიანი იქნება სახელმწიფოსთვის, ბიუჯეტისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს დაიწყებენ დაგროვებას", - განცხადა ბუცხრიკიძემ.
როგორც საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული კონცეფციის განხილვა მნიშვნელოვანია. "ჩვენ გვქონდა ამაზე ბიზნესთან მსჯელობა. პრაქტიკულად, ყველა ცალსახად აღნიშნვს, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როგორც გრძელვადიანი სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ამ პროექტს გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმული“, - განაცხადა ძიძიკაშვილმა.