საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს ეხმაურება და კონსულტაციების აუცილებლობაზე მიუთითებს
11 ივნ '20
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ნეგატიურად აფასებენ.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად გამიზნულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ, პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.
მსგავსი ცვლილებების მომზადება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობის გარეშე დაუშვებელია, რადგან ცალკე აღებული მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების ზრდა არასაკმარისია სისტემის ეფექტურობის ამაღლებისათვის და პოტენციურად შესაძლოა ბევრად უარესი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის, ერთის მხრივ, სექტორის ნაწილის საქმიანობის შეფერხებისა და, მეორეს მხრივ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შემცირების თვალსაზრისით; გასათვალისწინებელია ცვლილებების შედეგად კორუფციული რისკების მნიშვნელოვანი ზრდაც.
ზემოთმოყვანილი გარემოებების და კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე აუცილებელია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პროექტებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რათა სრულად იქნეს წარმოჩენილი მათი მოსალოდნელი გავლენა სექტორზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან დაუყოვნებლივაა საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი კომპანიებისათვის სრულიად დაუსაბუთებელი მარეგულირებელი წნეხის შექმნა.