(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

22 ივლ '21

კოვიდპანდემიიის შედეგად შექმნილი პრობლემები და სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოცაციაში ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

შეხვედრის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკა, რაც ჰოსპიტალური სექტორისთვის აქტუალური საკითხია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ტარიფები 2019 წლამდე არის დადგენილი, თუმცა მათი გადახედვა არ ხდება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის, ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგებისა და სახარჯი მასალის საგრძნობი გაძვირების მიუხედავად.  შესაბამისად, დღის წესრიგში დგას წარმოდგენილი ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას და მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ძირითადი დაინტერსებული მხარეების ჩართულობით მომზადდება ჩარჩო დოკუმენტი, სადაც განხილული პრობლემატიკა და მისი მოგვარების გზები იქნება წარმოდგენილი. ასევე, ასოციაცია აქტიურად დაიწყებს კომუნიკაციას შესაბამის თანამდებობის პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან,  შემუშავებული მოსაზრებების გაზიარებისა და სექტორთან დიალოგის წარმართვის მიზნით.

„ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლებასთან აქტიურ თანამშრომლობას  სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ინვესტიციები, რომელიც სექტორში კეთდებოდა და კეთდება საინვესტიციო გარემოს მეტ განჭვრეტადობას მოითხოვს. კოვიდპანდემიამ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და მთლიანად ბიზნესი, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯანდაცვის მიმართულება, რომელმაც ეს დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე შესაძლებელი იქნება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და შესაბამისად, კოორდინირებული მუშაობა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.