2016 წლის 17 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ვახტანგ ლაშქარაძე და მამუკა ტერაშვილი, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბაქარ დევდარიანი და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ვალიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა საგადასახადო შემოწმების პროცედურების რეგლამენტის პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეიმუშავა. აღნიშნული პროექტი შეხვედრის მონაწილეებს ბაქარ დევდარიანმა წარუდგინა.
როგორც სხდომაზე ითქვა, რეგლამენტი ეხება საგადასახადო შემოწმების ვადებისა და წესების პროცედურების გაწერას.
„საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტის მიღებით გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ვიცოდეთ ზუსტად, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა შემოწმებისას, რისი უფლება აქვს მას, რისი უფლება გვაქვს ჩვენ და ა.შ.”, - განაცხადა ”საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ლალაზაშვილმა.
ბიზნესის წარმომადგენლებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები როგორც ზემოაღნიშნულ პროექტთან, ასევე ზოგადად საგადასახადო შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით.