(+995 32) 2 202-215

ბლოგი

შრომის უსაფრთხოების ფილოსოფიური ქვა

03.21.18 ნიკა ნანუაშვილი შრომის უსაფრთხოება

ალბათ იკითხავთ, რა დროს ფილოსოფიაა, როდესაც ამ ციფრების უკან დიდი ადამიანური, ოჯახური ტრაგედიებია და ძალიან ძნელია სხვა რამეზე ფიქრი, სხვა რამეზე წერა, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ “რაღაც” უნდა შეიცვალოს, რომ დაუშვებელია ასე გაგრძელდეს, რომ ეს სიკვდილის ქრონიკა ხელისუფლებისა და ბიზნესის სინდისზეა ერთობლივად თუ ცალ-ცალკე... განვრცობა ამ შეფასებებისა უსასრულოდ შეიძლება, ეს არაა ძნელი.

მთელი სირთულე ამ მძიმე ემოციურ ფონზე (საფუძვლიანად მძიმე და საფუძვლიანად ემოციურ ფონზე) იმაში მდგომარეობს, რომ ცდუნებას არ ავყვეთ და სწორედ ფილოსოფიური ქვის ძიება არ დავიწყოთ – არ დავიწყოთ ძიება იმ ერთადერთი “რაღაცის”, რაც ყველაფერს შეცვლის და თან სასწრაფოდ.

სამწუხაროდ, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ასეთი ფილოსოფიური ქვის სახით საზოგადოების დიდმა ნაწილმა ე.წ. “შრომის ინსპექცია” იპოვა, ან დაეხმარნენ რომ ეპოვა. იმას, რომ შრომის ინსპექცია, ცალკე აღებული როგორც ასეთი, პანაცეა არაა, მარტივი სტატისტიკაც ადასტურებს: 2001 წელს, როდესაც შრომის ინსპექცია ჯერ კიდევ არსებობდა, სამუშაო ადგილებზე 199 ადამიანი დაიღუპა (ერთ წელიწადში!)

2017 წელს, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, დაღუპულთა რაოდენობამ 47 შეადგინა; ეს განსხვავება კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2001 წელს ქვეყანაში დიდად არც არაფერი შენდებოდა და არც არაფერი იწარმოებოდა, განსხვავებით იმავე 2017 წლისაგან.

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია – არსებითი ფაქტორი უბედური შემთხვევების რიცხვის შემცირების მიზნებისათვის შრომის ინსპექცია არაა; ფატალური შემთხვევების კლება დიდწილად ტექნოლოგიური ცვლილებების, დასაქმებულების განათლებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის ზრდის ხარჯზე მიიღწევა.

მთლიანობაში, შრომის უსაფრთხოება ესაა კომპლექსური სისტემა, რომელიც არაერთი კომპონენტისაგან შედგება და შრომის ინსპექცია ამ კომპონენტებს შორის მხოლოდ ერთ- ერთია; გამართული სისტემის ფუნქციონირებისათვის კი კრიტიკული მნიშვნელობა აქვს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს, ტექნოლოგიებს, დასაქმებულების კვალიფიკაციას, ჯანდაცვის სისტემას, შრომის კულტურას და, რასაკვირველია, ბიზნესის ჩართულობას (გნებავთ პასუხისმგებლობას) ამ ყველაფერში. მხოლოდ ყველა კომპონენტის, უსაფრთხოების დაცვის სისტემის ყველა “ეშელონის” გამართული მუშაობის შეუძლია რისკებისა და ფატალური შემთხვევების შემცირება. სამწუხაროდ, მხოლოდ შემცირება და არა განულება. თვით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ყველა ზემოხსენებული კომპონენტი დიდი ხანია, გამართულად “მუშაობს”, ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილზე (2016 წელს გერმანიაში სამუშაო ადგილებზე 500 ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთში – 589, იტალიაში – 522).

ეს ციფრები ვერაფერი ნუგეშია იმ ადამიანებისათვის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებაში;

დიახ, ყველაფრის მიუხედავად, შრომის ინსპექციის აღდგენამ (რასაკვირველია, არა იმ ფორმით, რა ფორმითაც 2006 წლამდე არსებობდა) შესაძლოა გარკვეულ პროგრესს მისცეს ბიძგი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო ნათლად გაიწერება და განისაზღვრება პასუხისმგებლობის საზღვრები როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესისათვის, ასევე დასაქმებულებისათვისაც. თუმცა, რაც უნდა პარადოქსული იყოს, შრომის ინსპექციის არსებობა ყველაზე დიდი საფრთხე თავად შრომის ინსპექციის, როგორც ინსტიტუტისთვისაა; ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, გამართულ სისტემებშიც კი უბედური შემთხვევების რისკის ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, ჩვენ კი, შრომის ინსპექციის შექმნისა და ამოქმედების შემდეგ შეიძლება მივიღოთ  კიდევ ერთი “დამნაშავე”, რომელსაც უკვე ბიზნესთან ერთად დაბრალდება ყველა უბედური შემთხვევა და ამგვარად რეფორმის ჩანასახშივე დისკრედიტაცია მოხდება.

ვერც შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალის თუ შრომის ინსპექტორების რიცხვის ზრდა და ვერც ბიზნესისათვის დიდი ჯარიმების დაწესება ცალკე აღებული რეალობას არსებითად ვერ შეცვლის;

ყოველწლიურად საქართველოს გზებზე ასობით ადამიანი იღუპება ავტოავარიების გამო, რომლებიც თავის მხრივ უმეტესწილად სიჩქარის გადაჭარბებით ან ღერძულა ხაზის გადაკვეთითაა გამოწვეული; შესაბამის დარღვევებზე ჯარიმის ზრდა რომ იყოს გამოსავალი და ამ გზით მსხვერპლის მინიმიზაცია – შესაძლებელი, ალბათ ყველა დიდი ხნის წინ შევთანხმდებოდით და ამ “გამოსავალს” გამოვიყენებდით, თუმცა ამას არ ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ეს გამოსავალი არაა; გამოსავალი არც საპატრულო პოლიციის რაოდენობის ზრდაა – ყველას და ყველაფრის გაკონტროლება უბრალოდ აბსურდია;

 ზემოთ ნახსენები მაგალითი წარმატებით შეგვიძლია მივუსადაგოთ შრომის ინსპექციასაც და დავსვათ კიდევაც არსებითი კითხვა – როგორ ვაქციოთ შრომის ინსპექცია “ფილოსოფიური ქვიდან” ქმედით ინსტიტუტად?!

არსებითი, ჩემი აზრით, არა ტოტალური, არამედ რისკებზე დაფუძნებული კონტროლია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიისა და საგანმანათლებლო პროგრამების თანხლებით; შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალური ეფექტის მიღება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ შრომის ინსპექციისათვის პრიორიტეტი იქნება მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილები (ქარხანა, მაღარო, მშენებლობა, ქიმიური მრეწველობა...) და არა ოფისები თუ სერვისის სფერო, სადაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, როგორც წესი, საფრთხე არ ემუქრება ან ასეთი საფრთხე მინიმალურია.

შეუძლებელია, ხარისხიანად დაიცვა შრომის უსაფრთხოება, თუ სახელმწიფოს, ბიზნესს არ ჰყავს საკმარისი და სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები – ეს კი ბევრად მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვიდრე დამცავი ჩაფხუტი ან/ და ღვედი, რომლის შეძენა და დასაქმებულებისათვის გადაცემა ნამდვილად არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს და თუ ვინმე ამას “ვერ ახერხებს”, სამართლიანად უნდა დაისაჯოს კიდეც;

დაბოლოს, – მთელ ამ “ისტორიაში” ყველაზე მთავარი მაინც საზოგადოებისათვის სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდებაა; ყოველი უბედური შემთხვევის შემდეგ, ფაქტობრივად რამდენიმე წუთში, ჩვენ ყველამ ვიცით ვინაა “დამნაშავე” და ვინაა მსხვერპლი. “დამნაშავე” ყოველთვის ბიზნესია, შრომის ინსპექცია კი, სამწუხაროდ, მოიაზრება როგორც ჯალათი, რომელიც ამ “დამნაშავეს” დასჯის და ჩვენ მუდმივად დავრჩებით ჩაკეტილ წრეზე; სისტემა ასე ვერ იმუშავებს.

იქნება ეს ბიზნესმენი, უსაფრთხოების სპეციალისტი თუ დასაქმებული, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, ვისი მიზეზით მოხდა უბედური შემთხვევა და რამ გამოიწვია ის, რათა განვსაზღვროთ კონკრეტული დამნაშავეც, პასუხისმგებლობის ზომაც და პრევენციის მეთოდიც, შემდეგ კი ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ.

ლინკი

 

 

შრომის უსაფრთხოების ფილოსოფიური ქვა