საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლა
5 ივნ '11
5 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აშშ კონგრესის წევრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები (ენდი გარსია, შერონ სტოუნი, რიჩარდ კოილი, დინ კაინი, ჰეზერ გრაჰამი და სხვა) და ფილმის „აგვისტოს 5 დღე" რეჟისორი, რენი ჰარლინი ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო ვახშამზე სტუმრებს საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის მოწვეული, მსოფლიოში ცნობილი, მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეული ალან პასარი გაუმასპინძლდა.
საქველმოქმედო ვახშმის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი გახლდათ, პლატინის სპონსორი - რუსთავის აზოტი, ოქროს სპონსორი - მადნეული და კვარციტი, ხოლო ვერცხლის სპონსორი კი სილქროუდ ჯგუფი და სილქნეტი იყვნენ.
მთლიანობაში ქართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ქველმოქმედების სახით ამ საღამოს მილიონნახევარ ლარამდე გაიღეს და ეს თანხა მთლიანად მოხმარდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახებს. დეტალები, თუ როგორ და რა პირობებით მოხდება აღნიშნული თანხის გადანაწილება, უკვე მიმდინარე კვირაში შეთანხმდება ბიზნესმენების კონსულტაციების შედეგად და საზოგადოებისათვისაც გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის საქველმოქმედო ვახშამი საქართველოში პირველად გაიმართა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა პირს, განსაკუთრებით კი იმ ბიზნესმენებს, რომელთაც მნიშვნელოვანი თანხები გაიღეს ქველმოქმედებისათვის.