(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ირაკლი კოვზანაძე - მნიშვნელოვანი რეფორმები ბიზნესსექტორთან კოორდინირებით უნდა განხორციელდეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელებს - გიორგი ჭირაქაძეს, სოსო ფხაკაძეს, ლაშა პაპაშვილს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, ზურაბ ლალაზაშვილსა და ირაკლი ასლანიშვილს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, კომიტეტის თავმჯდომარემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საპენსიო და კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებისთვის დაგეგმილი რეფორმები, საფინანსო სექტორში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შესახებ კანონებში, ასევე, სხვა მიმდინარე აქტუალური თემები განიხილა.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, წლების განმავლობაში მზადდებოდა და მისი განხილვა დღეს პარლამენტში მიმდინარეობს; აგრეთვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კერძო სექტორია. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ეროვნული ბანკის შემუშავებულ ახალ საკრედიტო რეგულაციებზე, რომლებიც, მათი აზრით, გარკვეულ რისკებს შეიცავს. გავცვალეთ საკუთარი მოსაზრებები და მე მათ შევპირდი, რომ პარლამენტში, საკომიტეტო განხილვების დროს ბიზნესის ჩართულობა აღნიშნული და მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისას გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები მომავალში გაგრძელდება.

„შევთანხმდით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიიღებს, როგორც ჩვენს კომიტეტში, ასევე მათთან, რათა უწყვეტ რეჟიმში ვგრძნობდეთ ქვეყნის ეკონომიკის მაჯისცემას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 

ლინკი