საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სავაჭრო სამრეწველო პალატის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა
25 ივლ '11
25 ივლისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები სავაჭრო სამრეწველო პალატის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, კახა ბაინდურაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ორ ორგანიზაციას შორის უკვე არსებული პარტნიორული ურთიერთობის განხილვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა გახლდათ. შეხვედრაზე სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ორგანიზაციის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პალატა არაა ბიზნეს გაერთიანება, იგი კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირია და მის მიზანს წარმოადგენს ყველა, როგორც წევრი, ასევე არაწევრი ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებების და რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის როლი კიდევ უფრო გაიზრდება. სავაჭრო სამრწეველო პალატის პრიორიტეტებზე საუბრისას, კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში პალატის აქტივობა ორიენტირებული იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობასა და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, ბიზნესის სტიმულირებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე ინოვაციური პროექტების განხორციელების გზით.
იგეგმება მთელი რიგი სიახლეები ახალი, ელექტრონული სერვისების დანერგვის მხრივ, განხორციელდება ცალკეული მიმართულებით კვლევები, დაიგეგმება და ჩატარდება დისტანციური ტრეინიგები და სასწავლო კურსები.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიგა ჭირაქაძის განცხადებით, სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ურთიერთობების გაღრმავება ასოციაციისათვის ქმნის დამატებით შესაძლებლობებს, რათა გადაიდგას კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად. რაც მთავარია, ამ მიზნების განსახორციელებლად სავაჭრო სამრეწველო პალატა კომფორტული და სასურველი პარტნიორია.