(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა

11 მარ '11

11 მარტს გერმანულ სახლში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით შესყიდვების ახალ, ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ბიზნესმენებმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან განიხილეს ის საკითხები და წინადადებები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდეგ წარმოიშვა და უკავშირდება სისტემის ნაკლოვანებებს თუ მისი გაუმჯობესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე მოწვეულნი იქნენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, ვინც ყველაზე აქტიურად იღებს მონაწილეობას ელექტრონულ ტენდერებში და შესაბამისად მეტი გამოცდილებაც დაუგროვდათ ამ ხნის განმავლობაში. სააგენტოს თავმჯდომარის, ტატო ურჯუმელაშვილის განცხადებით, მუშაობა სისტემის სრულყოფისათვის კვლავაც მიმდინარეობს, ამ პროცესში კი მეტად მნიშვნელოვანია ბიზნესის აქტიური ჩართულობა რათა იმთავითვე იქნეს გათვალისწინებული სისტემის მომხმარებელთა შენიშვნები და მოსაზრებები.
უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, სადაც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება. ჯგუფი რეგულარულად, გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება და მისი უმთავრესი ფუნქცია სააგენტოსა და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება იქნება.