საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიზნესმენებთან ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა
2 მარ '11
28 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პრემიერ მინისტრს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი პრიორიტეტებზე და იმ პროექტებზე მსჯელობა იყო, რომელთა განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მიერ გამოყოფილი დაფინანსებით მიეცემა. 5 იანვარს, ვაშინგტონში გამართულ კვარტალურ სხდომაზე აშშ-ის სამთავრობო კორპორაციის - „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" - დირექტორთა საბჭომ შეარჩია განა და საქართველო როგორც ქვეყნები, რომლებსაც მიეცემათ უფლება, მოამზადონ წინადადებები მეორე კომპაქტის დაფინანსების მისაღებად. მეორე კომპაქტის გაფორმება დამოკიდებულია პირველი კომპაქტის წარმატებით დასრულებაზე, სწორ სტრატეგიულ მიმართულებებზე, ისეთი წინადადებების შემუშავებაზე, რომელთაც აქვთ ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი პოტენციალი და დაფინანსების შესაძლებლობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნების და გოდერძის უღელტეხილის გავლით აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტებს, რომლებიც ამჟამად განხილვის სტადიაშია.
გარდა აღნიშნულისა, ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ პრემიერთან ესაუბრათ მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.
გადაწყდა, რომ გარკვეული პერიოდულობით პრემიერი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას.