საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს პარლამენტი ბიზნეს საბჭოს შექმნაზე
12 იან '11
12 იანვარს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემა ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები და ბიზნეს საბჭოს შექმნის შესაძლებლობის განხილვა იყო.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში ამა წლის პირველი იანვრიდან შევიდა, წინამორბედ აქტთან შედარებით უდავოდ ბევრ პროგრესულ დებულებას და ინსტრუმენტს შეიცავს, რაც ბიზნეს საქმიანობას უადვილებს, თუმცა პარალელურად რჩება გარკვეული ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზე და გამოსწორებაზე მუშაობაც ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.
ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს გააცნო საგადასახადო ადმინისტრირების ახალი კურსი, რომელიც მიმართული იქნება სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებისაკენ. როგორც კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო დაინტერესებულია ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობით და საგადასახადო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პრაქტიკიდან გამომდინარე ხარვეზე მუშაობა ერთობლივი ძალებით კვლავაც მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინიციატივით, საქართელოს პარლამენტთან შეიქმნება ბიზნეს საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პარლამენტარებისა და ბიზნესმენებისაგან, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც. დავით ბაქრაძის განცხადებით, საბჭო უზრუნველყოფს ბიზნესსა და პარლამენტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და ინფორმაციის გაცვლას, ასევე ბიზნესმენებს ექნებათ საშუალება, მათ წინაშე არსებული პრობლემები საკანონმდებლო ორგანოსთან უშუალო დიალოგის რეჟიმში განიხილონ და საკუთარი წინადადებებიც წარადგინონ.
ბიზნეს საბჭო საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.