საქართველოს ბიზნეს ასოციაციში სოფლის მეურნეობის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტები
7 ოქტ '10
7 ოქტომბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორი ახალი კომიტეტის - სოფლის მეურნეობის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტების პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციას, ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე დაესწრენ
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ, დამსწრე საზოგადოებას კომიტეტების ხელმძღვანელები, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კაკაბაძე წარუდგინა. მისი განცხადებით, ასოციაციაში უკვე არსებობს საკომიტეტო მუშაობის წარმატებული გამოცდილება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კომიტეტების საქმიანობა არანაკლებ პროდუქტიული იქნება.
სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტი, „თბილღვინოს" გენერალური დირექტორის, გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავებს საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ამ სფეროში რეფორმების მხარდაჭერისა და სტიმულირების, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კონკრეტული პროექტების განხორციელების მიმართულებებით. კომიტეტის საქმიანობა ითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაში.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტი, რომელსაც ირაკლი კაკაბაძე (შ.პ.ს. „ალტა"-ს გენერალური დირექტორი) ხელმძღვანელობს, შექმნილია ბიზნეს ასოციაციასა და საქპატენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, კომიტეტის ძირითადი სამუშაო მიმართულება იქნება ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციასთან და დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები. საქპატენტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციის წევრებს ექნებათ წვდომა საქპატენტში დაცულ ინფორმაციასთან, მიიღებენ კონსულტაციებს სასაქონლო და საპატენტო ნიშნების განაცხადის შედგენასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ექნებათ დაესწროთ თემატურ ტრენინგებს და ა.შ.
კომიტეტი აქტიურად განახორციელებს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების და შესაბამისი ინსტრუმენტების პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის სფეროში მოღვაწე ბიზნესების განვითარებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განმარტებით, სამინისტრო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს; "მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სექტორი საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ეს კარგად გამოჩნდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ბიზნესი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაქტიურებას გეგმავს. მხოლოდ საერთაშორისო ინვესტორებზე მუშაობა, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს ადგილობრივ ბიზნესთან,"- განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
"საქპატენტის" ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, ქართული ბიზნესი ბოლო პერიოდში ინტელექტუალური საკითხების დაცვით ინტენსიურად დაინტერესდა.
"მოხარულნი ვართ, როცა "საქპატენტთან" ბიზნესი აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. ქართული კომპანიები ამ მიმართულებით აქტიურდებიან და ბოლო პერიოდში ქართული ბრენდების რეგისტრაციაც იზრდება, სამომავლოდ მრავალი ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, მათ შორის პატენტების კომერციალიზაციას",- განაცხადა "საქპატენტის" ხემძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ.