„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“ დაფუძნდა
10 სექ '10
2010 წლის 10 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" (GSMEA) დაფუძნდა. ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორი რამდენიმე ცნობილ ბიზნესმენთან ერთად ოთხი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა :
"საქართელოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG)
"ამერიკის სავაჭრო პალატა"(AmCham)
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" (EUGBC)
"საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი" (ICC-GEORGIA)
ასოციაციის შექმნა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვას და ლობირებას, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ისტიტუტებთან და უშუალოდ საზოგადოებასთან.
საინიციატივო ჯგუფის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ არჩეულ იქნა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო და პრეზიდენტი.
ახლადშექმნილ ასოციაციას სათავეში გიორგი ისაკაძე ჩაუდგება, პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტზე კი კახა კოხრეიძე აირჩიეს.
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებას და მედიას ასოციაციის მესვეურებმა გააცნეს ძირითადი მიზნები და მიმართულებები.
ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, „სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრიორიტეტია. ეს არის აქტიური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შექმნის ხვალინდელი საქართველოს ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს, საფუძველს ჩაუყრის საქართელოში სიმდიდრის დაგროვებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევის რეალურ პირობებს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო ამ ასოციაციის პრეზიდენტი."
ასოციაცია აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ბიზნეს ასოციაციებთან, სამოქალაქო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან.
მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს ასოციაცია უკვე უახლოესი მომავლიდან შესთავაზებს სხვადასხვა, მათ შორის ლობინგის, ბიზნეს დაგეგმარების, იურიდიული დახმარების, მარკეტინგის, ბუღალტერიის სერვისებს და ტრეინინგებს.