(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქსტატსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

4 აგვ '10

4 აგვისტოს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დარგობრივ ასოციაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი სულ ხუთ დარგობრივ ასოციაციასთან გაფორმდა, ესენია : „საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია", " საქართველოს ბანკების ასოციაცია",  „ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია", „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია" და „ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭო".

მემორანდუმით განისაზღვრა მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქსტატისა და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთსასარგებლო ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.

აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კერძო კომპანიების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას; მეორე მხრივ კი, საქსტატი კომპანიებისაგან მიიღებს ხარისხიან, დროულ და სრულყოფილ ინფორმაციას, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ჭელიძემ განაცხადა - "ჩვენი მიზანია, რომ ბიზნეს ასოციაციებიდან დეტალური ინფორმაცია მივიღოთ და გამოუპასუხებლობა მაქსიმალურად შემცირდეს. არსებული კანონმდებლობა კომპანიებს არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკური ინფორმაციები გასცენ, ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და თუ ისინი თანახმა არიან, რომ ასეთი ინფორმაციები გასცენ ეს ჩვენი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ ჩვენ ამ კომპანიებს ვთავაზობთ ყოველთვიურ დარგობრივ სტატისტიკურ ინფორმაციებს, რაც მათი მუშაობისათვის მნიშვნელოვანია".

მემორანდუმის მნიშვნელობის შეფასებისას, საქსტატისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვანო ბალიაშვილმა აღნიშნა - "მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმა მჭიდროთ ითანამშრომლოს საქსტატთან. ჩვენ ამის მაგალითი ბიზნეს უკვე მივეცით და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რაც გამოპასუხების დონეს ზრდის".