(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პარლამენტი და ბიზნეს ასოციაცია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

6 ივლ '10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე 6 ივლისს ბიზნეს ასოციაციის წევრებს  შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ მელიქიშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მელაძე.

ბიზნესმენებსა და საკანონმდებლო ორგანოს წევრთა შორის დიალოგი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე გაიმართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და მეტ სტიმულს ქმნის ბიზნესის საკეთებლად. საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა თავი ისეთ მნიშვნელოვან ამოცანას, როგორიც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარება, რაც მომავალში კიდევ უფრო გაამყარებს საერთაშორისო ნდობას და მხარდაჭერას. დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პროცესები დიალოგის ფარგლებში წარმართონ და არსებული უთანხმოებები მხოლოდ კონსენსუსის, თანამშრომლობის გზით გადაჭრან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს გარშემო შექმნილ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა აშშ სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მდივნის მიერ თბილისში გაკეთებული მკვეთრი განცხადებები ოკუპაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის უცვლელ  მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს უსაფრთხოებისათვის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ხაზი გაუსვა პოლიტიკური სტაბილურობას მნიშვნელობას ბიზნესისათვის და აღნიშნა, რომ ასოციაცის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება ცალკეულ სამინისტროებთან და მთლიანად საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული კი ხელს უწყობს ბიზნესსა და მთავრობას შორის ნდობის გაღრმავებას, პრობლემების ერთობლივად და ეფექტურად გადაჭრას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს, რომლის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში ამა წლის 16 ივლისს იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი მიესალმება ბიზნესმენთა მაქსიმალურ ჩართულობას კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენების პროცესში.

ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის ინიციატივით, შეხვედრის დასარულს პარლამენტის თავმჯდომარე და ბიზნესმენები შეთანხმდნენ ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ჯგუფის საშუალებას მისცემს საკანონმდებლო ორგანოს და ბიზნესის წარმომადგენლებს დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია და უზრუნველყოფს ბიზნესმენთა უფრო აქტიურ ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში.