(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციაში დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28 მაის '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტი 28 მაისს შეიკრიბა და მოისმინა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ახალაძის ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობისა და მომავლის გეგმების შესახებ.

როგორც ბატონმა ახალაძემ აღნიშნა, კომიტეტი აქტიურადაა ჩართული სოციალური დიალოგის სამმხრივ კომისიაში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციით შეიქმნა საქართველოს მთავრობასთან და რომელსაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი თავმჯდომარეობს. აღნიშნულ კომისიაში წარმოდგენილები არიან როგორც დამსაქმებელთა მხარე, ასევე პროფკავშირები და მთავრობა.  აღნიშნული კომისიის მთავარი ფუნქციაა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სადაო საკითხების განხილვა, ასევე შრომით კანონმდებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება.  აღნიშნული კომისიის ფარგლებში მოქმედებს მუდმივი და დროებითი სამუშაო ჯგუფები კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ და კომისიის სხდომებზე გასატანად.

სამმხრივმა კომისიამ უკვე გამართა პირველი შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები (ILO).

თანამშრომლობის არსებული ფორმატი, საშუალებას იძლევა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში იქნას გადაჭრილი პროფკავშირებს, მთავრობას და დამსაქმებელთა შორის წამოჭრილი დავები, რაც ILO-ს ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

გარდა ამისა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამა წლის 1 ივნისს  ქ. ჟენევაში იწყება ILO-ს 99-ე კონფერენცია, რომელსაც საქართველოდან დაესწრებიან როგორც დამსაქმებელთა მხარის, ასევე პროფკავშირების და მთავრობის წარმომადგენლები.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიზნეს ასოციაციის ყველა წევრს პერიოდულად დაეგზავნება საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც ასახული იქნება დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები, ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და სიახლეები.  კომიტეტი შეთანხმდა, რომ პირველი ბიულეტენი მომზადდება ILO-ს კონფერენციის დასრულების შემდეგ და მასში ასევე მოცემული იქნება ინფორმაცია კონფერენციის შედეგების შესახებ.