საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობა CARANA CORPORATION - ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
24 მაის '10
საერთაშორისო კომპანია CARANA CORPORATION-ის ვიცე პრეზიდენტი, დავიდ შახტი 24 მაისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას სტუმრობდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ACDI/VOCA-ს წარმომადგენლები, ქეთევან ჭუმბურიძე და ნიკოლოზ გრძელიძე.
CARANA CORPORATION-ი USAID-ის კონტრაქტორი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სამთავრობო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს კონსულტაციებით ეკონომიკური განვითარების სფეროში. კომპანია უკვე 25 წელია რაც თანამშრომლობს USAID -თან და ამ ხნის განმავლობაში არაერთი გრძელვადიანი პროექტი აქვს განხორციელებული ოთხმოცზე მეტ ქვეყანაში.
რაც შეეხება ACDI/VOCA-ს, ეს არის არაკომეციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 45 წლის განმავლობაში 146-ზე მეტ ქვეყანაში ზრუნავს ეკონომიკის განვითარებაზე. დემოკრატიული პრინციპების დანერგვის, ბაზრის ლიბერალიზაციის, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დამყარების გზით ეხმარება ბიზნესმენებს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისებაში.
CARANA CORPORATION და ACDI/VOCA , საკონსულტაციო კომპანია Nathan Associates-თან ერთად, ერთ კონსორციუმში არიან გაერთიანებულნი და მათ გეგმებში საქართელოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროექტის (EPI) რეალიზება შედის.
შეხვედრის მიზანს აღნიშნული კონსორციუმისათვის ბიზნეს ასოციაციის საქმიანობის გაცნობა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, საქართველოში საკმაოდ კარგი შესაძლებლობებია ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესის საწარმოებლად, გამომდინარე ლიბერალური საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან, ხოლო ქართული კომპანიებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დაიმკვიდრონ თავი საერთაშორისო, კერძოდ კი ევროპის და აშშ-ს ბაზარზე.
საქართელოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს ქართული კომპანიების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებზე, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისათვის.
ასოციაციის ფარგლებში არსებული კომიტეტები, სხვადასხვა მიმართულებით აქტივობისა და თანამშრომლობისათვის მეტად საჭირო და მოხერხებული ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც ასევე შეუძლიათ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ცალკეული პროექტების განხორციელებისას.
ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ისაკაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასოციაციის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მსხვილი კომპანიების ინტერესებით და უახლოეს მომავალში იგეგმება მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭირდო თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებაც, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს ასოციაციის საქმიანობის ფარგლებს.