(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საქრთველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გაიმართა

6 მაის '10

6 მაისს საქართელოს ბიზნეს ასოციაციაში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრები საქსატის აღმასრულებელ დირექტორს, ზაზა ჭელიძეს და დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას, რომელსაც მენაშენეთა, ხორბლის და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა, ფარმაციის, ტურიზმის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვანო ბალიაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანი, საქსტატის მიერ ბიზნესისათვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტის განხილვა და მომავალი თანამშრომლობის პრინციპებზე შეთანხმება, ასევე სტატისტიკური ფორმების ოპტიმიზაციის სამუშაო ქვეჯგუფის დაკომპლექტება იყო.

საქსტატის ხელმძღვანელმა დამსწრეებს წარუდგინა იმ ინფორმაციის პაკეტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ცალკეული სფეროების მიხედვით კონკრეტული კომპანიებისათვის მათი საქმიანობის ფარგლებში და მოისმინა დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელთა მოსაზრებები.
როგორც ზაზა ჭელიძემ აღნიშნა, საქსტატი მოამზადებს მემორანდუმის პროექტს დარგობრივ ასოციაციებთან სათანამშრომლოდ, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე. მისი ძირითადი პრინციპები იქნება შემდეგი: ბიზნეს ასოციაციები და მასში გაწევრიანებული ბიზნეს ერთეულები აიღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ საქსტატთან ფორმების შევსების კუთხით, ხოლო ასეთ ასოციაციებს და სუბიექტებს საქსტატი შესთავაზებს დამატებით სარგებლებს და შეღავათებს, კერძოდ:

ა) რეგულარულად მიაწვდის ამ კონკრეტული დარგისთვის სასარგებლო სპეციალური  სტატისტიკური ინფორმაციების პაკეტს უფასოდ.
ბ) ჩაუტარებს სპეციალურ კვლევებს სტანდარტული ფასებიდან გარკვეული ფასდაკლებებით.
გ) უზრუნველოფს გარკვეული სახის სტატისტიკური ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიწოდებას.
დ) დააწესებს საუკეთესო კომპანიის გამოვლენის აქციას (ვინც ყველაზე წარმატებული იქნება   საქსტატთან თანამშრომლობაში), რომლის პრიზი შეიძლება იყოს უფასო  კვლევა.

პირველ ეტაპზე განახორციელებს ფასიანი ინფორმაციების მიწოდებას უფასოდ, შემდეგ შეღავათებით.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქსტატის ხელმძღვანელობა ჩაატარებს შეხვედრებს დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან და მათ წევრებთან, რათა მოხდეს ინფორმაციის და პრობლემატიკის დაკონკრეტება შესაბამისი სფეროების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ასევე მოხდება შეხვედრა საქსტატისა და ბიზნესის სუბიექტებს შორის სტატისტიკური ფორმების გამარტივების და ასევე ფორმების შევსებისას არსებული სირთულეების განხილვის მიზნით.