საქართელოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა
28 აპრ '10
28 აპრილს, საქართელოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საფინანსო კომიტეტის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.
კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების და პრიორიტეტების (ხელმისაწვდომი სესხი ბიზნესისათვის, კერძო საპენსიო სისტემის და სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობა) შესახებ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ბუცხრიკიძე წარსდგა.
ბატონი ბუცხრიკიძის განცხადებით, „ლარიზაციის" პროცესში ასოციაცია ეროვნულ ბანკთან აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას. ბიზნესმენთა ინფორმირებულობის და თავად პროცესის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის მაისის თვეში იგეგმება ერთობლივი სემინარები, სადაც ეროვნული ბანკი მომხსენებლის სტატუსით გააკეთებს მაკროეკონომიკურ ანალიზს ,,ლარიზაციის" დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი ასოციაციები, წევრი კომპანიების ხელმძღვანელები და ფინანსური მენეჯერები.
კერძო საპენსიო სისტემის განვითარების და სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები საქართელოს მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც დაიგეგმება ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯები.
კომიტეტის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ თავად კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სამუშაო ქვე-ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სალიზინგო სფეროში შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე.