(+995 32) 2 202-215

სიახლეები

დედაქალაქის მერი ბიზნეს ასოციაციის წევრებს მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ შეხვდა

26 მარ '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაზე, 26 მარტს დედაქალაქის მერი ასოციაციის წევრ ბიზნესმენებს და მოწვეულ სტუმრებს შეხვდა.

ღონისძიების მიზანი ბიზნესმენთათვის ინფორმაციის მიწოდება და მათი ინიციატივების მოსმენა იყო.

ბატონმა გიგი უგულავამ Financial Times-ის და FDI Magazine-ის რეიტინგებზე დაყრდნობით ბიზნესმენებს გააცნო თბილისში ბიზნესის წარმოების სიადვილის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთი ლიდერია. დედქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად დაწყებულია შესაბამის ცვლილებებზე მუშაობა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ შეხვედრაზე წამოყენებულ იქნა წინადადება, რომ იმ ბიზნესმენებს, რომელთა თვიური ბრუნვა არ აღემატება ათი ათას ლარს, გაუუქმდეთ მოგების გადასახადი. ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ბატონი სოსო ფხაკაძის განცხადებით, მსხვილი კომპანიები კარგად აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე და მათი ზრუნვაც საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, სწორედ ამ ვალდებულების ნაწილია.

შეხვედრის დასასრულს, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ხაზი გაუსვა, რომ ასოციაცია დაინტერესებულია აქტიურად ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს ინიციატივებს მცირე ბიზნესის წახალისების კუთხით.