(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან

12 თებ '10

საქარველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს შეხვდნენ.

ღონისძიების მიზანი თანამშრომლობის შედეგების განხილვა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა გახლდათ.

ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ლალაზაშვილმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ მოკლედ შეაჯამეს განვლილ პერიოდში თანამშრომლობის შედეგები და ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა; გარდა ამისა, ბატონი სირაძის განცხადებით, მისი უწყება კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას და ასოციაციის წევრთა წინადადებების გათვალისწინებით არაერთი მნიშვნელოვალი პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი; მანვე ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საგადასახადო-საბაჟო კუთხით კვლავაც გრძელდება და მიმდინარეობს მუშაობა სადეკლარაციო პროცედურების შემდგომი გამარტივებისათვის.

ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ახალაძემ დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაბამის სფეროში საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით შეიქმნა სამმხრივი კომისია ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე. მასში წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს მთავრობა, დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფკავშირები.  კომისია განიხილავს დასაქმების ფარგლებში წამოჭრილ დავებს და მოხდება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. კომისიის გადაწყვეტილებები  შემდგომში, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, წარედგინება საქართველოს მთავრობას.