შეხვედრა ISET–ის (თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა) წარმომადგენლებთან
5 თებ '10
2010 წლის 5 თებერვალს საქართელოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) მესვეურებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან ერთად ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, როი საუთვორტი და აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ ლივნი ესწრებოდნენ. (გარდა ამისა, ბატონები საუთვორტი და ლივნი, ბიზნეს ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრებიც არიან).
ბატონმა საუთვორტმა, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში, როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის მნიშვნელობაზე და საქმიანობაზე ისაუბრა.
აღნიშნული სასწავლებელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებობს, 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამით ამზადებს ეკონომისტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს საქართველოს მთავრობასთან, მსოფლიო ბანკთან, ბრიტიშ პეტროლიუმთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან.
ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ სტუმრებს გააცნო ასოციაციის საქმიანობის მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა შორისაა საფინანსო ბაზრის განვითარება, ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის ხელშეწყობა, საპენსიო და საგადასახადო რეფორმებში აქტიური მონაწილეობა.
როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ასოციაციას აქვს პოტენციალი აქტიურად ჩაერთოს მსოფლიო ბანკის მიერ ინიცირებული საგადასახადო-საბაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შემუშავებაში.
დასასრულისათვის შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საერთაშორისო ეკონომიკურ სკოლას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.