(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ენერგეტიკის მინისტრს

11 მარ '15

მიმდინარე წლის 11 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ვიცე პრემიერთან, ენერგეტიკის მინისტრთან,  კახა კალაძესთან, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან, სემეკის თავმჯდომარესთან,  ირინა მილორავასთან და ენერგოომდუდსმენთან, სალომე ვარდიაშვილთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებულ  მონაცემებს, ასევე  მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და სხვა მსგავს საკითხებს.  ენერგეტიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია,  რომ სახელმწიფო მიესალმება ენერგეტიკის მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებს და  ამ მიზნით ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა სათანამშრომლოდ ნებისმიერ კომპანიისათვის. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა, როგორც ენერგეტიკის მინისტრისთვის, ისე ენერგეტიკის სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვისაც.
საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის  ენერგომატარებლების (გაზის) ფასის შესაძლო ზრდის საკითხსაც. მინისტრის განცხადებით, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული საფასური პირველ მაისამდე იქნება შენარჩუნებული,ხოლო  საბოლოო გადაწყვეტილებაზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები მონაწილე მხარეებს შორის. 
როგორც კახა კალაძემ განაცხადა: „პირველ მაისამდე შენარჩუნებული იქნება ეს ტარიფები და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს მომავალში უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო ლიცენზიატი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დაკარგვა, პირიქით, ჩვენ წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო." თავის მხრივ სემეკის თავმჯდომარემ ტარიფების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ტარიფი არის დერეგულირებული, შესაბამისად, გასაყიდი ბუნებრივი გაზის ფასს მიმწოდებელი კომპანია განსაზღვრავს.