(+995 32) 2 202-215

Print

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა მიმართულია ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებისკენ“ - სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმას ეხმაურება. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა იცოდეს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი მიდგომები და გეგმები და მისასალმებელია, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა 2030 წლამდე ეკონომიკის განვითარების კონკრეტული ხედვა. ეს დოკუმენტი ბევრ საინტერესო კომპონენტს მოიცავს.

გამოვყოფდით იმ ნაწილს, რომელიც რეფორმებს ეხება. კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იმუშავებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე, ვინაიდან დამატებით, სხვადასხვა ტიპის კაპიტალის შემოდინება, მათ შორის ინსტიტუციონალური ინვესტიციების, საქართველოში ბიზნესისთვის გააჩენს დამატებით ფინანსურ რესურსებს, რაც იქნება ქვეყანაში დღემდე არსებული ფინანსური რესურსების მოძიების გზების კარგი ალტერნატივა. ფინანსური კაპიტალის მოძიების გაადვილება ბევრ კარგ, ახალ ბიზნეს წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს.

ასევე გამოვყოფდით რეფორმებს ენერგეტიკაში, წიაღის მოპოვების მიმართულებით, სახელმწიფო საწარმოების მართვის კუთხით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გახსნის ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ეკონომიკური რეფორმები ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას, რაც გულისხმობს, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული ბიზნესის უფრო მეტად გააქტიურებას, ეკონომიკის განვითარებას და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანის მიღწევას - სიღარიბის შემცირებას.

ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე გამოეხმაურა იმ მხარდამჭერ სქემებს, რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა ბიზნესს. მისი თქმით „სხვა მხარდამჭერ პროექტებთან ერთად, საუბარია უძრავი ქონების სექტორის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერაზე, რომელიც ასევე გულისხმობს დემოგრაფიული პრობლემების მიმართულებით მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილებას, კერძოდ შვილის შეძენის შემთხვევაში ამ ოჯახებისთვის ბინების შესყიდვისას საპროცენტო ხარჯების ნაწილობრივად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას. ეს ძალიან ღირებული გადაწყვეტილებაა“.

სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საგრანტო, საკრედიტო-საგარანტიო და სუბსიდირების სქემებზეც.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესის სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის სქემები, რადგანაც საბოლოო ჯამში გრანტები, წამახალისებელი სესხები და საკრედიტო-საგარანტიო სქემები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორების საკმაოდ თამამ აქტივობას სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით მრეწველობისა და ქართული პროდუქციის წარმოების მიმართულებით. ამ სექტორების განვითარება ქართულ ეკონომიკაში დღემდე პრობლემას წარმოადგენს და მათი გაძლიერების აუცილებლობა, ვფიქრობთ, სწორად არის პროგრამაში დასახული.

ასევე საგულისხმოა იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისების სქემები და თუ ეს განხორციელდა, სხვა რიგ სიკეთეებთან ერთად, იგი ასევე გამოიწვევს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და ლარის კურსის სტაბილურობას, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნესის მთავარი გამოწვევაა.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები და მთავრობის მიერ წარმოდგენილი 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა, ჩვენი აზრით, მიმართულია ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებისაკენ და ვისურვებდით, რომ დასახული მიზნები განხორციელდეს. ბიზნესის ჩართულობა ამ ამოცანების რეალიზაციის საქმეში მაქსიმალური იქნება. ასევე, უახლოეს დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს შენიშვნებს 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის პროექტთან დაკავშირებით“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ბმული